• slider4
  • slider 2
  • slider5
  • slider 1

მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოში GMP სტანდარტი ინერგება

23 თებერვალი, 2018

მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოში

GMP სტანდარტი ინერგება

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ქვეყანაში წარმოებული და იმპორტირებული მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, იწყებს GMP (კარგი საწარმოო პრაქტიკის) და GDP (კარგი დისტრიბუციის პრაქტიკის) სტანდარტის დანერგვას.

GMP/GDP სტანდარტების დანერგვა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია, რამდენადაც აღნიშნული სტანდარტი უზრუნველყოფს ქვეყანაში მიმოქცევაში არსებული ფარმაცევტული პროდუქტების მაღალ ხარიხსს და საქართველოში წარმოებული მედიკამენტების ექსპორტის ზრდას.

GMP/GDP სტანდარტების დანერგვის სტრატეგია, რომელიც შემოთავაზებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, მოიცავს რამდენიმე ეტაპს. მათ შორის უპირველესია GMP-ის ნაციონალური ინსპექტორატის ჩამოყალიბება.

ინსპექტორატის შექმნის მიზნით, 2018 წლის 10 მარტამდე ჯანდაცვის სამინისტრო შეარჩევს ინსპექტორთა კანდიდატებს. შერჩევის კრიტერიუმები და მოთხოვნები განსაზღვრულია ევროდირექტივის შესაბამისად (პროფესიული ცოდნა, უნარები, გამოცდილება, უცხო ენის ცოდნა) და განთავსდება ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდსა და სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ვებ-გვერდზე, რომლის დაქვემდებარებაშიც მოექცევა ინსპექტორატი. გარდა ამისა, ინფორმაცია შერჩევის შესახებ განთვსდება ვებ-გვერდზე WWW.JOBS.GE. კონკურსანტებიდან სააგენტო შეარჩევს 8 კანდიდატს, რომლებიც გაივლიან სპეციალურ გადამზადებას საზღვარგარეთ. კანდიდატებს, რომლებიც წარმატებით გაივლიან მზადების კურსებს, მიენიჭებათ შესაბამისი სერთიფიკატი და განახორციელებენ ფარმაცევტული საწარმოების და სადისტრიბუციო ქსელის ინსპექტირებას, რაც წამლის ხარისხის გაუმჯობესების მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. ინსპექტირება პირველ ეტაპზე ნებაყოფლობითი ხასიათის იქნება, 2022 წლის 1 იანვრიდან კი სავალდებულო გახდება.

GMP/GDP-ის დანერგვით საქართველო აღიარებს ევროკავშირის სტანდარტებს ფარმაცევტული პროდუქტების ხარისხის კონტროლის მიმართულებით. აღნიშნული სტანდარტის დანერგვა ხელს შეუწყობს ფარმაცევტული სექტორის გაძლიერებას და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.

© 2012 - 2018 სსიპ "სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო
რეგულირების სააგენტო" - ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia