• slider4
  • slider 2
  • slider5
  • slider 1

ინფორმაცია ინტერნეტგამოცემა ,,COMMERSANT”-ში გამოქვეყნებულ სტატიასთან ,,11 წელიწადში ლიცენზია მხოლოდ 8 ექიმს გაუუქმდა – რატომ ვერ რეაგირებს ჯანდაცვის სამინისტრო ქართველი ექიმების არაკეთილსინდისიერებაზე?“ დაკავშირებით

15 აგვისტო, 2017

გვინდა თავიდანვე აღვნიშნოთ, რომ სტატიაში მრავალი უზუსტობა და უაღრესად არაკომპეტენტური მოსაზრებაა დაფიქსირებული. თუნდაც ერთი მაგალითი: ,,...სააგენტომ სერტიფიკატი მხოლოდ 8 ექიმს გაუუქმა“. სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო საქმიანობს თავისი დებულებით გათვალისწინებული კომპეტენციის ფარგლებში და მის კომპეტენციას არ წარმოადგენს სამედიცინო პერსონალისთვის პროფესიული პასუხისმგებლობის ზომის (მათ შორს სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმება) განსაზღვრა...

ნებისმიერი კონკრეტული შემთხვევის შესწავლა (სტატიაში მოყვანილი სამივე შემთხვევის შესწავლა დაწყებულია) გულისხმობს გარკვეულ ეტაპებს. კერძოდ, სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების ხარისხის შეფასებას, კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას, მკურნალობის პროცესში, არსებული გაიდლაინებისა და პროტოკოლების მოთხოვნების დაცვას. შესასწავლი მასალა სარეცენზიოდ ეგზავნება სპეციალური ტენდერით შერჩეულ, დარგის ექსპერტთა ჯგუფს. შესწავლის დასრულების შემდეგ, სააგენტო სვამს პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხს (არ იღებს გადაწყვეტილებას), ექიმთა პროფესიული პასუხისმგებლობის განხილვა ხდება კოლეგიალურ ორგანოზე - პროფესიული განვითარების საბჭოზე, რაც არ გულისხმობს მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენას, სამართლებლივ შეფასებას და მით უმეტეს, ექიმების ,,დადანაშაულებას“. თუმცა, რესპოდენტიც აღნიშნავს, რომ ,,ექიმის მიმართ უნდობლობასთან დაკავშირებული საუბრები ხშირად გადამეტებულია“.

უსაფუძვლოა არსებული მონაცემების ,,ნებისმიერი სხვა ქვეყნის“ სტატისტიკასთან შედარება, რადგანაც განსხვავებული რეგულაციებს განსხვავებული პროცედურები და სტატისტიკა ახლავს. გაურკვეველია, რა მონაცემებს და კრიტერიუმებს ეყრდნობა რესპოდენტი. დაუსაბუთებელია მოსაზრება, რომ ,,კონკრეტული შემთხვევების განხილვა ბოლომდე არ ხდება“. საინტერესოა სტატიის ავტორის და ე.წ. ,,ექსპერტის“ მოსაზრება, წლის განმავლობაში, რამდენი სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმებაა საკმარისი, ნაგულისხმები სტატისტიკის გათვალისწინებით (?!)

მიუღებელია მოსაზრება, რომ სახელმწიფო ხელს არ უწყობს ექიმების გადამზადებას და კვალიფიკაციის ამაღლებას. უნდა ითქვას, რომ ქვეყანაში დიპლომისშემდგომი განათლება მიმდინარეობს ახალი, ევროსტანდარტებთან ადაპტირებული პროგრამებით, მუშაობს უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემა, სერტიფიკატის შეჩერების შემდეგ, ექიმების უმეტესი ნაწილი გადის პროფესიულ რეაბილიტაციას. პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის ინიციატივით, მიმდინარეობდა სამუშაო შეხვედრები სახელმწიფო, არასამთავრობო სტრუქტურების, დარგის ექსპერტების ჩართულობით. არსებული მდგომარეობის შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, შემუშავებულ იქნა დიპლომისშემდგომი და უწყვეტი სამედიცინო განათლების განახლებისა და განვითარების სტრატეგიული გეგმა.

მოვუწოდებთ სტატიის ავტორსა და მის რესპოდენტს, თავი შეიკავონ ისეთი არაკორექტული, სამართლებლივად გაუმართავი შეფასესებებისაგან, როგორიცაა: ,, ...რომელშიც ექიმების ბრალეულობა დადასტურდა, ამ ექიმებისადმი სათანადო სიმძიმის სასჯელი არ მოჰყოლია“; ,,სხვა სადამსჯელო ღონისძიება ექიმების წინააღმდეგ პრაქტიკულად არ გატარებულა“ და ა.შ.

ყოვლად გაუგებარია ,,.. რომ სააგენტოს წევრები უფრთხილდებიან თავიანთი კოლეგების იმიჯს“ (?). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საბჭოს წევრებს და მათ შორის, სტატიაში ნაგულისხმევ ,,კონფიდენტებს“ (თუ ასეთი არსებობს და ავტორი მხოლოდ სიუჟეტის ,,გამძაფრებისათვის“ არ აფიქსირებს, უკვე მერამდენედ ! ), წინასწარ ეგზავნება შესწავლილი მასალები და ისინი უშუალოდ არიან ჩართული შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში (ისე, საინტერესოა აღნიშნული ინტერნეტგამოცემის წვდომის რესურსი კონფიდენციალურ წყაროებთან... ).

რაც შეეხება ,,სახელმწიფომ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ სამედიცინო პერსონალის მიმართ ასეთი დაბალი ნდობა არ იყოს, ექიმისა და სამედიცინო პერსონალის მიმართ ნდობის საკითხი უნდა ამაღლდეს“, მსგავსი ხასიათის ტენდენციური, პოპულისტური, არა არგუმენტირებული პუბლიკაციები შეგნებულად უწყობს ხელს საზოგადოებასა და ექიმებს შორის ,,ხიდის ჩატეხვას“, აკნინებს ქართული სამედიცინო სკოლის სახელსა და ტრადიციებს.

© 2012 - 2017 სსიპ "სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო
რეგულირების სააგენტო" - ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia