• slider4
  • slider 2
  • slider5
  • slider 1

სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალებების იმპორტის მსურველთა საყურადღებოდ !!!

16 ივნისი, 2017

1. „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონისა მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის აღსრულების მიზნით, „სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ცალკეულ ნივთიერებებზე, რომლებიც არ ექვემდებარება საერთაშორისო კონტროლს, და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებულ ცალკეულ სამკურნალო საშუალებებზე 2017 წლის ქვეყნის შიდა კვოტის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 9 ივნისის N288/N01-39/ნ ერთობლივი ბრძანებით განისაზღვრა 2017 წლის შიდა კვოტები შემდეგ ნივთიერებებზე:

ა)ბაკლოფენისათვის - 68765 გრამი;

ბ)გაბაპენტინისათვის-1029380 გრამი;

გ)ზალეპლონისათვის-1050 გრამი;

დ)ზოპიკლონისათვის-3000 გრამი;

ე)ტროპიკამიდისათვის -300 გრამი;

ვ)დექსტრომეტორფანისათვის -3000 გრამი.

2.ზემოაღნიშნული ბრძანების შესაბამისად, იმპორტის გამოცხადებისას გათვალისწინებული იქნა კვოტების დადგენამდე ქვეყანაში არსებული ნაშთები/მარაგები.

აღნიშნულიდან გამომდინარე 2017 წლის იმპორტი ცხადდება ქვემოთ ჩამოთვლილ 4 დასახელების ნივთიერებაზე შემდეგი ოდენობით:

ა) ბაკლოფენი - 68765 გრამი;

ბ) გაბაპენტინი -236901 გრამი;

გ) ტროპიკამიდი -62.5 გრამი;

დ) ზალეპლონი 1050 გრამი.

3.ქვეყანაში არსებული ნაშთების/მარაგების გათვალისწინებით, 2017 წელს ქვეყნის შიდა კვოტა არ ცხადდება ზოპიკლონზე და დექსტრომეტორფანის შემცველ კომბინირებულ პრეპარატებზე;

4.სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალებების კვოტის განაწილებაში მონაწილეობის უფლება აქვს სათანადო ნებართვის მქონე იმ იურიდიულ პირს:

ა) რომელსაც გააჩნია აღნიშნული მიმართულებით საქმიანობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;

ბ) რომელსაც ბოლო ერთი წლის მანძილზე, არ აქვს დადასტურებული პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის ლეგალური ბრუნვის სფეროში სამართალდარღვევის ფაქტი, გაცემის (რეალიზაციის) დადგენილი წესების დარღვევასთან დაკავშირებით.

5. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალებების იმპორტის განმახორციელებელი იურიდიული პირი ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს მის მიერ იმპორტირებული ფარმაცევტული პროდუქტის ხელმისაწვდომობა წლის განმავლობაში , ხოლო წლის ბოლოს ნაშთის სახით უნდა გააჩნდეს მის მიერ იმპორტირებული პროდუქტის არანაკლებ 5%;

ბ) განაწილებული კვოტის ფარგლებში ფარმაცევტული პროდუქტის ერთჯერადად საიმპორტო ოპერაცია განახორციელოს კვოტის განაწილებიდან და იმპორტზე წინასწარი შეთანხმების დოკუმენტის მიღებიდან არა უგვიანეს 3 თვის ვადაში;

გ) განაწილებული კვოტის ფარგლებში პროდუქტის საიმპორტო ოპერაციის მრავალჯერადად განხორციელებისას, ბოლო იმპორტი განახორციელოს მიმდინარე კალენდარული წლის 1 დეკემბრამდე;

დ)ტროპიკამიდის რეალიზაცია განახორციელოს მხოლოდ შესაბამისი სამედიცინო სერვისების მიმწოდებელ დაწესებულებებზე.

6. იმ შემთხვევაში, თუ იურიდიული პირი ვერ უზრუნველყოფს მასზე განაწილებული კვოტით გათვალისწინებული ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტს სრულად 2017 წლის განმავლობაში, მისი განაცხადი მომდევნო კალენდარულ წელს, შიდა კვოტების გადანაწილებისას, არ იქნება განხილული.

7. იმ შემთხვევაში, თუ იურიდიული პირი დაარღვევს მე-4 და მე-5 პუნქტებში მითითებულ მოთხოვნებს, ან/და ინსპექტირების შედეგად გამოუვლინდება პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის (გაცემის) წესის დარღვევა, მისი განაცხადი მომდევნო კალენდარულ წელს, შიდა კვოტების გადანაწილებისას, არ იქნება განხილული.

8. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებულ ცალკეულ სამკურნალო საშუალებებზე 2017 წლის ქვეყნის შიდა კვოტა იმპორტირების მაძიებელ იურიდიულ პირებს შორის განაწილდება პროცენტული თანაფარდობის გათვალისწინებით:

ა) მოთხოვნილი რაოდენობის მიხედვით, თუ ჯამური რაოდენობა არ აღემატება კვოტას;

ბ) თუ ჯამურად მოთხოვნილი რაოდენობა აღემატება კვოტით განსაზღვრულს, კვოტა გადანაწილდება ჯამურ მოთხოვნაში შესაბამისი წილის მიხედვით;

გ)თუ ჯამურად მოთხოვნილი რაოდენობა ნაკლებია კვოტით განსაზღვრულზე, კვოტის დარჩენილ ნაწილზე, საჭიროების შემთხვევაში განიხილება საკითხი დამატებით საიმპორტო განაცხადების მიღების შესახებ.

9.იმპორტიორთა შერჩევის კრიტერიუმები და იმპორტიორთა შორის კვოტების ოდენობების გადანაწილების პრინციპები განხილული და მოწონებულi იქნა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 28-27 მარტის N01-14/ნ N117 „სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ცალკეულ ნივთიერებებზე, რომლებიც არ ექვემდებარება საერთაშორისო კონტროლს და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებულ ცალკეულ სამკურნალო საშუალებებზე ქვეყნის შიდა კვოტების განსაზღვრის თაობაზე“ ერთობლივი ბრძანების საფუძველზე, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ცალკეულ ნივთიერებებზე, რომლებიც არ ექვემდებარება საერთაშორისო კონტროლს და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებულ ცალკეულ სამკურნალო საშუალებებზე ქვეყნის შიდა კვოტის განსაზღვრის მიზანშეწონილობისა და კვოტის ოდენობის თაობაზე წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავების მიზნით შექმნილი საბჭოს 2017 წლის 12 აპრილის სხდომაზე (ოქმი N1).

10. „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონისა მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სსიპ - სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგანტო, აცხადებს ქვეყნის შიდა კვოტის ფარგლებში იმპორტირების მსურველთა განაცხადების მიღებას (მოთხოვნილ თითოეულ პოზიციაზე რაოდენობების მითითებით)2017 წლის 16 ივნისიდან 2017 წლის 21 ივლისის ჩათვლით.

11. იმპორტის მაძიებელი იურიდიული პირების განაცხადების მიღების შემდეგ, სსიპ-სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის ინსპექტირების სამმართველო ახორციელებს იმპორტის მაძიებელი იურიდიული პირების განთავსების ფაქტობრივ მისამართზე (რომელიც მითითებულია საქმიანობის ნებართვაში), ფარმაცევტული პროდუქტის მიღებისა და შენახვის პირობების შესაბამისობის დადგენას კანონმდებლობით დადგენილ პირობებთან.

12. ინფორმაცია გადანაწილებული შიდა კვოტების შესახებ განთავსდება სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების ვებ-გვერდზე.

© 2012 - 2017 სსიპ "სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო
რეგულირების სააგენტო" - ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia